აბასთუმნის წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
4 თებერვალი 2020
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „ფერი“-ს დირექტორმა, იოსებ მჭედლიშვილმა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები.
კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეის მდგომარეობით, კი სისტემები სრულად ამორტიზებულია.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურა აბასთუმნის გარდა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.
კომპანიამ, რამდენიმე დღის წინ დაასრულა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სათავე ნაგებობები, რეზერვუარები და მოეწყო ახალი მაგისტრალური მილსადენები. ასევე, აშენდა ახალი, ტანამედროვე საფილტრი შენობა.
ამ დროისთვის, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას. ასევე, ახალი საქლორატოროს მოწყობას.
სამუშაობის მეორე ეტაპის დასრულება სრულად აღმოფხვრის მოძველებული სისტემით გამოწვეულ დანაკარგებს და კურორტს სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს.
წყალმომარაგების ორივე პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი.